English / ქართული /








ჟურნალი ნომერი 2 ∘
ფიქრები ერთი საინტერესო ნაშრომის გარშემო

(რევაზ გოგოხია, ბიბლიურ-ფილოსოფიურ-ანთროპოლოგიური სიბრძნე: „შეიცან თავი შენი“ და თანამედროვეობა. რედ. პროფესორი ჯ. ხარებავა, თბ., 2017).

გლობალიზაციის როგორც ურთულესი და მრავალწახნაგოვანი მოვლენის, თანამდევ პოზიტიურ და ნეგატიურ შედეგებზე მრავალი საინტერესო ნაშრომი დაიწერა. დღეს არავინ დავობს იმაზე, რომ გლობალიზაციის პროცესი მრავალ სიკეთეს უქადის თანამედროვე კაცობრიობას, მაგრამ ისიც ცხადია, რომ უმართებულოა ეს პროცესი ცალსახად დადებით მოვლენად იქნეს მიჩნეული. კერძოდ, გლობალიზმი უკვე განიხილება მთლიანად მსოფლიო განვითარების საშიშ ტენდენციად. ამიტომაც სავსებით გასაგებია, რომ ანტიგლობალურ მოძრაობაში ჩართულია მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყანა, ათასობით არასამთავრობო ორგანიზაცია და მრავალი ცნობილი საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, მწერალი, ხელოვნების სხვადასხვა დარგის წარმომადგენელი.

ჩვენს დროში, გლობალიზაციის პროცესი თავისი მასშტაბებითა და სპეციფიკური თავისებურებებით, აისბერგის მსგავსად - ფარული და უხილავი მომენტებით, ერთობ უპრეცედენტო მოვლენად იქცა და ამდენად, ამ პროცესის თანმხლები მოვლენების სწორი გააზრება, მისი განვითარების ტენდენციათა გონივრული წარმართვა, თანამედროვეობის უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა. ამასთანავე უნდა ითქვას, რომ გლობალიზაციის პროცესის დადებითი მხარეების გაშუქება ბოლო ხანებში უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს, ვიდრე იმ უარყოფითი შედეგების ანალიზი, რაც ამ მეტად რთულ პროცესს ახასიათებს. ამ მხრივ საგანგებოდ შეიძლება მიჩნეული იქნეს ის გარემოება, რომ ამჟამად მიმდინარე მოვლენებში, კერძოდ კი - გლობალიზაციის პროცესისადმი მსოფლიოში განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენის ვითარებაში, ქართველი საზოგადოების, მეცნიერების, მწერლების, ხელოვნების წარმომადგენელთა უმეტესობა ისეთ პოზიციას ინარჩუნებს, თითქოს გლობალიზაციის პროცესი ჩვენ ნაკლებად გვეხება ან თუ გვეხება, ჩვენს ნაცვლად ყველა პრობლემას სხვები მოაგვარებენ. არადა, უკვე სულაც არ არის სათუო, რომ გლობალიზაცია განვიხილოთ ნეგატიურ მოვლენადაც, რომელიც გაქრობით, ნიველირებით ემუქრება ცალკეულ ეროვნულ სახელმწიფოებს, მათ სუვერენიტეტს, მცირერიცხოვან ერებს, მათ იდენტობას, კულტურულ თავისებურებებს, თვითმყოფად, უნიკალურ კულტურებს, რომელთა ერთიანობა შეადგენს სწორედ ზოგადსაკაცობრიო კულტურის მრავალფეროვნებასა და სიმდიდრეს.

გენიალური სოკრატეს დროიდან მოყოლებული დღემდე, ბასრი მახვილივით ჰკიდია ადამიანისა და მთელი კაცობრიობის თავზე დელფოს ტაძრის ფრონტონზე გაკეთებული წარწერა: „შეიცან თავი შენი“. კაცობრიობის გენიალურ ქმნილებათა ავტორები, რელიგიური თუ ზნეობრივი მოღვაწეები, ამისკენ მოუწოდებდნენ ადამიანებს. მაგრამ ფუფუნებას, კომფორტს, ყოველდღიურ წვრილმანებსა და სიამოვნებას გამოდევნებულმა, „ნივთებით მოჯადოებულმა“ ცივილიზაციამ და ადამიანმა საკუთარი თავის შესაცნობად არაფერი არ იღონა, შესაბამისად, დაკნინდა ადამიანი, და ცივილიზაცია, მაღალ იდეალებზე ორიენტირებული კულტურა დეკადანსმა მოიცვა. ადამიანი უზნეობაში ჩავარდა და წაიშალა ზღვარი სიკეთესა და ბოროტებას შორის. ბოროტებამ საბოლოოდ გამოამზიურა საკუთარი სიავე, ანუ ბოდრიარისა არ იყოს „გამჭვირვალე გახდა“.

ევროპული კულტურის (და არა მარტო ევროპის) მწუხრსა და დეგრადაციას ზღვარი არ გააჩნია. ინსტრუმენტულმა და პრაგმატულმა აზროვნებამ უღმერთობამდე მიიყვანა ადამიანი და ჰუმანიზმის ჰორიზონტზე ბარბაროსობა გამოჩნდა. ამ ბარბაროსობის თანამედროვე ლიბერალური თუ ლიბერტარიანული ფორმებია გამოაშკარავებული პროფესორ რევაზ გოგოხიას განსახილველ ნაშრომში. ეს დიდი გულისტკივილიანი ნაშრომია, რომელშიც ნაჩვენებია როგორ იკარგება ქართული ეროვნული იდენტობა, მაღალი სულიერი და ზნეობრივი იდეალები. ნაშრომის აქტუალურობაზე მეტყველებს, უწინარესად, თუნდაც მისი სტრუქტურა, რომელიც წარმოდგენილია შემდეგი ქვეთავებით: საყოველთაო გლობალიზაციის გლობალური საფრთხეები; ღვთისაგან გლობალური განდგომა; საქართველო - უძველესი ცივილიზაციის აკვანი; ძირს ლიბერტარიანიზმი; „შეიცან თავი შენი“- მარადიული სიბრძნე; „უფალ ჩვენთან არს“ - საქართველო გაბრწყინდება.

ავტორი კატეგორიულად ეწინააღმდეგება მსოფლიოს პროგრესული კაცობრიობისათვის მავნე და მიუღებელ „თეორიას“, რაც მსოფლიო კოსმოპოლიტური გლობალიზაციის სახელით ბოგინობს და რომლის მიზანია დენაციონალიზებული მსოფლიო საზოგადოების ჩამოყალიბება ყოველგვარი განსაზღვრული რელიგიურ-ზნეობრივი ფასეულობების, კულტურულ - ისტორიული ორიენტაციის გარეშე. ავტორის აზრით, ეს სხვა არაფერია, თუ არა ღვთისაგან და ადამიანურობისაგან გლობალური განდგომა. სამწუხაროდ, ამის აშკარა გამოვლინება საქართველოში დღეს უკვე სახეზეა. მომხმარებლურმა სულისკვეთებამ ადამიანში თვითშეცნობის სურვილი ჩაკლა. ამიერიდან მას მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობაღა აინტერესებს. ამ ტიპის ადამიანმა კარგა ხანია ზურგი აქცია ცოცხალ სამყაროს და ხელოვნურ რეალობაში გადავარდა. ასეთ ადამიანებს ფსიქოლოგები „მონოცერებრალურ“ ერთგანზომილებიანს უწოდებენ. დღეს ეს განზომილება ვირტუალურია. მონოცერებრალურ სუბიექტს ნარცისიზმის გარკვეული ფორმა ახასიათებს, რომლის დროსაც ყოველი მისი სწრაფვა წარმატების მიღწევაზეა მიმართული. ასე იქმნება, ვითომდა, წარმატებული და ამბიციური ადამიანის სახე. ამით წარმატების იდეის დევალვაციას აქვს ადგილი. წარმატების მწვერვალი ეკრანზე მოხვედრა და ვარსკვლავად გახდომაა. ამიერიდან სახეზეა იდენტობის დეკონსტრუქცია, ნარცისიზმისა და მოხმარების კულტი, რომელმაც საზოგადოებრივი ცხოვრების ნებისმიერი სფერო მოიცვა.

ასეთ სიტუაციას, ავტორის აზრით, კიდევ უფრო ამწვავებს მედია და რეკლამა, რომელიც აქტიურად ავრცელებს ამნეზიის ყოველგვარ შესაძლებელ ტექნიკას, რაც დიდწილად „ანტიმეხსიერების“ სტრატეგიაზეა აგებული. ანტიმეხსიერების ფართოდ რეკლამირებული ფიგურები ტრადიციის იმიტაციითა და ფსევდოფასეულობებით ეტალონურ სიმულაკრად გვევლინება და საკუთარის გარდა სხვა წარსულს არ ცნობს. მისი კულტურული კონტექსტი პირდაპირ კავშირშია მაკდონალდსთან, ჰოლივუდსა და დისნეილენდთან. ამ სახის პერსპექტივაში პრინციპული განსხვავება სიკეთესა და ბოროტებას შორის გამქრალია.

ნაშრომში უამრავი მაგალითია მოყვანილი იმისა, რომ პოსტთანამედროვე ადამიანთა ცნობიერებაში კულტურული პარადიგმების ცვლილებებსა და ტრანსფორმირებას აქვს ადგილი. ამ ტიპის ადამიანმა არამხოლოდ უარი თქვა ჭეშმარიტებაზე, არამედ, ბუნდოვანი და გაუგებარი გახადა მისი სტატუსი. მან დიადი და ამაღლებული მორალური და რელიგიური, ეგზისტენციალური მიზნებისადმი ინტერესი დაკარგა. კულტურა მასკულტურად, შინაარსიანი და საზრისიანი ცხოვრება ცარიელ, ეფემერულ რეალობად გადაიქცა, რამაც ადამიანი რეალურ სინამდვილეს მოსწყვიტა. საზოგადოება „სპექტაკლის საზოგადოება“ გახდა, რომელიც რეკლამისა და მედიის ტოტალურ ძალაუფლებაზეა დამყარებული. რეალური პოლიტიკა პოლიტტექნოლოგიებმა, ხოლო საზოგადოების ისტორიული განვითარება - „შოუ - ხელისუფლებამ“ შეცვალა. ამ ტიპის საზოგადოებაში ყველაფერი - სექსუალური ცხოვრებით დაწყებული, ფეხბურთითა და პოლიტიკით დამთავრებული, თეატრალიზებულია. ამიერიდან პოლიტიკა თითქმის აღარ არის ადამიანის სერიოზული საქმიანობა. ის ძალზე ხმაურიანი სანახაობა და ემოციური განტვირთვის სფეროა, ხოლო ნამდვილი პოლიტიკოსი ის არის, რომელიც კარგ შოუსა და სანახაობას მოიფიქრებს და განახორციელებს. თანამედროვე პოლიტიკური ბატალიები მეტწილად უშედეგოდ მთავრდება. გართობაზე ორიენტირებული კარნავალური პოლიტიკა თვისებრივი გარდაქმნებისაგან შორს დგას. ასეთ ვითარებაში პოლიტიკა ტრანსპოლიტიკად, საზოგადოება კი ტრანსაზოგადოებად გადაიქცევა და გამორიცხული არაა ადამიანისა და მთლიანად საზოგადოების ცხოვრება ზეხელოვნურობის სტადიაში გადავიდეს. ზეხელოვნურობაში ადგილი აქვს გენდერულ იმპლოზიებსა და სქესთა აღრევას, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას და გარყვნილ უმცირესობათა უფლებების დაცვას. ეს მაშინ, როცა ისინი გააფრთებით ებრძვიან თითქმის ყოველგვარ ეროვნულს, ქართულ სამეცნიერო სკოლებს და მთლიანად სულიერებას. საკითხის ამ ასპექტით განხილვისას, ნაშრომის ავტორი საქართველოსათვის ერთ-ერთ მწვავე პრობლემად მიიჩნევს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ეროვნული კონცეფციის, ეროვნული იდეოლოგიის უქონლობას, რამაც უნდა განსაზღვროს ერის კონსოლიდაცია, მისი მოძრაობა ერთი საერთო მიზნისაკენ. ეროვნული იდეოლოგიის საფუძველი უნდა იყოს ისტორიულად ჩამოყალიბებული ტრადიციები, რაც შეზავებული იქნება ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ მოძღვრებასთან ( გვ. 31 ). 

მთლიანობაში, ნაშრომის პათოსი ასეთია: ადამიანი უნდა დაუბრუნდეს სოკრატულ მოწოდებას საკუთარი თავის შეცნობის შესახებ, ხოლო ერმა, თუნდაც თავგანწირვის ფასად, დაიცვას ქრისტიანულ - მართლმადიდებლური მცნებები და ზნეობრივი ცხოვრების პრინციპები. ყოველივე ზემოაღნიშნული საკმარისია იმის ნათელსაყოფად, რომ პროფესორ რევაზ გოგოხიას მოცულობით, თუმცა მცირე, მაგრამ ერთობ შინაარსიანი, საინტერესო და საჭირო ნაშრომი, უდავოდ აქტუალურია. ის საფუძვლიანად და ძალზე ორიგინალურად პასუხობს თანამედროვეობის ერთ-ერთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გამოწვევას. ნაშრომი ნამდვილად კარგი საჩუქარია მკითხველთა ფართო წრისათვის. მას გულდასმით უნდა გაეცნოს საზოგადოება, რათა სათანადო მოქმედებისათვის განგვაწყოს თითოეული ჩვენგანი.

ამირან ბერძენიშვილი,

ირაკლი კალანდია,

იაშა (კოკა) კუტუბიძე,

კახა ქეცბაია

ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორები